"დღეს ჩვენ ღირსების ორდენებსა და მედლებს გადავცემთ დამსახურებულ ოფიცრებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების სახეს წარმოადგენენ და მათი დაჯილდოებით ხაზს ვუსვამთ სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულების, მუდმივმოქმედი თავდაცვის ძალების, ჯარის მნიშვნელობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
"ჩვენ ვცხოვრობთ სირთულეებით, გამოწვევებით და გეოპოლიტიკური ძვრებით აღსავსე პერიოდში. ეპოქაში, სადაც, ყოველდღიურად, უფრო და უფრო ხშირად გვესმის სიტყვა ომი. დადგა მომენტი, როდესაც უსაფრთხოების გლობალური სისტემა ჩამოიშალა, ხოლო დიდი სახელმწიფოები კი გამალებული შეიარაღების გზას დაადგნენ. მოვიდა დრო, როდესაც თავდაცვის კონცეფციასა და სახელწოდებას ომის კონცეფცია და სახელწოდება ანაცვლებს.
ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ვითარება. თუმცა, მიუხედავად მიზეზებისა და მათი შედეგებისა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის. იგივე გამოცდილება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა და ერთი მისია - დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხის, ხელისუფლებისა და ჯარის ერთსულოვნება ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სიმტკიცის და სიძლიერის წინაპირობას წარმოადგენს და საქართველოს დღეს სწორედ ამგვარი ერთსულოვნება აქვს.
"ჩვენ, სახელმწიფოს კონსტიტუციური შტოების ხელმძღვანელები, რომელთაც ხალხმა ქვეყნისთვის მსახურება დაგვაკისრა, ჩვენს პოლიტიკურ მისიას მთელი მონდომებით აღვასრულებთ. ქვეყნის მსახურება კი მისი მიწის, მისი იდენტობის, მისი მსოფლმხედველობის დაცვასა და ამ ღირებულებებისთვის ბრძოლასაც გულისხმობს. სწორედ ესაა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან.
სწორედ ამიტომ, გილოცავთ მისაღებ ჯილდოებს და თქვენი სახით ვულოცავ მთელ თავდაცვის ძალებს ამ დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების ექვს წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.