თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. მისივე თქმით, პოლონეთში როგორც ემიგრანტები, ისე იმყოფებოდნენ და ახალაია უკან დაბრუნებას აპირებდა.
მმართველი გუნდის განცხადებით, ახალაია ქვეყნიდან წასვლას, სავარაუდოდ, სწორედ 4 ოქტომბრის დანაშაულის გამო გეგმავდა, რადგან ხვდებოდა, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები და კითხვები ჰქონდა.
"შეიძლება ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან, გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლასაც. ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში არავის არ უნახავს. მეორე არის ის საქმიანობა, რომელსაც ის ფარულად ეწეოდა სწორედ სახელმწიფო გადატრიალების და ამ აჯანყების მოწყობის კუთხით. რაც ბრიფინგზე სუს-მა გაგვაცნო, 4 ოქტომბრის დღის მიმდინარეობის დროს, ოთხივე ის პირო, რომელიც მოიაზრებოდა ამ გადატრიალების ლიდერებად, მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიასთან," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.