მმართველი გუნდი იმ ნეგატიურ გამოხმაურებებს აფასებს, რაც ფასების კლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოჰყვა. ასეთი კი ბევრი იყო, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, სადაც ოპოზიციასთან ერთად აქტიურობდნენ ექსპერტებიც და მედიის წარმომადგენლებიც. "რადიო თავისუფლებამ" ირაკლი კობახიძის ინიციატივა, ლუკაშენკოს ფრაზებსაც კი შეადარა. "ქართული ოცნება" კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ოპონენტების ისტერიას იწვევს მთავრობის ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის კეთილდღეობისთვის იღებენ.
ბიზნესზე ზეწოლა ერთ-ერთი ბრალდებაა, რომელიც ოპოზიციამ ფასების კლების ინიციატივას დაუკავშირა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, სოციალურ ქსელში ამაზე სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა. ფასების დარეგულირების გეგმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც კარტელურ გარიგებებზე და ანტიმონოპოლიური სამსახურის მხრიდან შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს - ანუ იმაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისედაც ისაუბრა.
პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით მოხდება - წერდნენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კრიტიკის ფონზე, "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს, ერთის მხრივ, იმის აღიარება მოუხდათ, რომ სურსათზე ფასების კლებას თავადაც ითხოვდნენ და, მეორეს მხრივ, იმისიც, რომ ინიციატივა თავისი შინაარსით ცალსახად პოზიტიურია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფასების ზრდა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, ამიტომ ინიციატივის აღსრულების არ სჯერათ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების რეაქციამ მკაფიოდ გამოკვეთა ის მედიები, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ფასების კლებას ეწინააღმდეგებიან. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოზიცია ოპოზიციის ბუნებრივი მდგომარეობაა.
ინიციატივის კრიტიკოსებს დღეს თავად პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებმა საკუთარი ნეგატიური გამოხმაურებებით თვითლუსტრაცია მოახდინეს.
პროდუქციაზე გაზრდილი ფასების მიზეზებს, მათ შორის, სავარაუდო კარტელური გარიგებების არსებობას, პარლამენტის საგამოძიებო კომისია, საჯარო ფორმატში შეისწავლის, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება.