პარლამენტი ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხს დეტალურად შეისწავლის. სურსათის ფასებზე კომპლექსური მიდგომის მიზნად სავარაუდო კარტელური გარიგებების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება სახელდება.
"არის ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას ზოგიერთი თანამდებობის პირი. ხომ არ იყო შეგნებულად ნაბიჯები გადადგმული, სხვების მფარველობა და ა.შ. რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ამ მიწოდების ჯაჭვში მონაწილე აქტორების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სცდება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ეს არის მრავალწახნაგიანი პროცესი, ყველა ამ საკითხს - პარლამენტის ნაწილში ჩვენ გამოვიკვლევთ, შევისწავლით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში თავად უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის. კონკურენციის სააგენტო იქნება თუ სხვა, ყველა იქნება ერთიანად მოწოდებული იმისთვის, თავისი ნაწილი შეისწავლოს და გავამარტივოთ ამ პროცესში ჩვენი მოსახლეობის ინტერესები," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი