14 აგვისტო 2026,   18:34
ვრცლად
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხი ყველამ, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც აგონ - პოლიტიკური შეფასებები გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლის ამ გაცხადებული პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხი ყველას, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც აგებინოს. მმართველი პარტია, სადაც ახლა გამოძიების შედეგს ელოდებიან, სახელმწიფოს პრიორიტეტებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდისგან შედგება. საგამოძიებო უწყება, სუს-ის ყოფილ უფროსს 2021-23 წლებში 2 მილიონ 365 ათასი დოლარისა და მილიონ ნახევარი ლარის ქრთამის აღებას ედავება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები, მაინც ამტკიცებენ, რომ საქმე მხოლოდ კორუფციულ სქემას არ ეხება.

"ქართული ოცნება" კი განმარტავს, რომ პროკურატურა, შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტის გამოსავლენად აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ პრემიერ-მინისტრის დაპირება- კორუფციის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდეს, სისრულეში მოვიდეს. უმრავლესობის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული პოლიტიკა, სამართალდამცავ უწყებებს დანაშაულის დროული პრევენციის და დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალებას მისცემს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერში." ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოსთვის მთავარი მიზანი კორუფციული პრაქტიკის ყველა დონეზე აღმოფხვრაა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სადაც ბოლო რამდენიმე თვეში, ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა.

კორუფციული დანაშაულისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

დღის ამბები