2008 წელი, ევროსაბჭოს რეზოლუცია - რატომ იყო დოკუმენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როდესაც ის ქართველ სამხედროებს ომის დაწყებას აბრალებდა? - კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც ამ საკითხზე "ღამის კურიერში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა. ანი წითლიძემ გაიმეორა ის, რასაც პარტია წლებია ამტკიცებს, რომ რეზოლუციაზე ხელმოწერამ ოკუპაცია დაადასტურა.
რუსეთი დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან რეზოლუციის მიხედვით, ის ქართულ მხარესთან ერთად თანაბრად ხდებოდა ომის დამნაშავე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევი. ამიტომ მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის პარტიის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის გამართლებისთვის რეალური არგუმენტები არ არსებობს. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია "ნაციონალური მოძრაობის" აღიარებითი ჩვენებაა. პარალელს ავლებენ იმ მოვლენებთანაც, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემო განვითარდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" წითლიძის ნათქვამი დღეს განავრცეს და დაამატეს, რომ რეზოლუცია გახდა ერთ-ერთი მტკიცებულება საერთაშორისო სასამართლოებში მოგებული პროცესებისთვის, რომელიც სტრასბურგსა და ჰააგაში "ქართული ოცნების" პირობებში წარიმართა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერილ რეზოლუციას სამართლებრივ დავაში რუსეთი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ ყოფილი ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის საქართველოს შანტაჟი დღესაც გრძელდება.
რეზოლუცია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხელმოწერით დაეთანხმნენ, აგვისტოს ომიდან თითქმის ორ თვეში, 2 ოქტომბერს მიიღეს.