13 აგვისტო 2026,   19:02
ვრცლად
"ამ ადამიანებს, რომლებსაც ყოფნით სითავხედე, რომ საქართველოში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ილაპარაკონ, იმ სამყაროს შვილები არიან, სადაც ეს იარაღი გამოიყენეს" - ირაკლი ქადაგიშვილი

ფაქტების ნაცვლად ტყუილი და გამოგონილი ბრალდებები მორიგი თავდასხმისთვის - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაჟღერებულ ბრალდებებს. ევროდეპუტატების ნაწილმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრეს BBC-ის ე.წ. საგამოძიებო მასალაზე და "კამიტის" გამოყენებაზე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, დეზინფორმაციის გავრცელება და ამის პოლიტიკური ტრიბუნიდან გახმოვანება მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, პრემიერიც საუბრობდა, რომ ევროკავშირი BBC-ის ტყუილის გამოყენებას აუცილებლად შეეცდებოდა.

ამასთან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჰიბრიდული ომის მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რა არის ჰიბრიდული ომი - უნდა შეთხზა რაღაც თეორია, მერე ეს თეორია გაავრცელო და შემდეგ კი, ამაზე მუდმივი სპეკულაცია ააგო. სწორედ ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ანუ ომი თანამედროვე მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს, არამხოლოდ ქიმიური იარაღით და ყუმბარებით, მიმდინარეობს სწორედ კოგნიტიური ზემოქმედების გზით, რომ საზოგადოება დაშალონ, დააბნიონ, მსოფლიოში სახელი გაგიტეხონ. ამისთვის, რა არის საჭირო, რასაც გებელსი გვეუბნებოდა ყოველთვის ფაშისტური გერმანიის დროს - ტყუილი უნდა იყოს, რაც შეიძლება დიდი და ტოტალურად გამეორებული. აი, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი, ერთი უნდა აჩვენოთ, რა შედეგებს დებდა და მერე ამ ადამიანებს, რომლებსაც ყოფნით სითავხედე, რომ საქართველოში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ილაპარაკონ, იმ სამყაროს შვილები არიან, სადაც ეს იარაღი გამოიყენეს", - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები