უკვდავი ქართული კომპოზიციები, ლეგენდარული ანსამბლები და რვა საუკეთესო მომღერალი სცენაზე - მაყურებლების ზარებმა მესამე ლაივის რჩეული კვლავ გამოავლინა.
დათუნა მესტვირიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის სიმღერა "თბილისური განთიადი" გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდთან ერთად შეასრულა. ხალხის ხმებთან ერთად, ჟიურის დადებითი შეფასება დაიმსახურა და უკვე მესამედ, ლიდერის ტიტული შეინარჩუნა.
მაყურებლის ყველაზე ნაკლები ხმა დათო ფორჩხიძის ოქროს ღილაკის მფლობელმა მიიღო. მარიამ ბიგვავამ თამარ გვერდწითელის მუსიკალური კომპოზიცია "მრავალჟამიერი" ახალგაზრდულ კაპელასთან ერთად, შეასრულა. დადებითი შეფასებების და გამორჩეული მუსიკალური მონაცემების მიუხედავად, 16 წლის მომღერალმა პროექტი დატოვა.
"ჰერიო", "შვიდკაცა" "ფორტე", თეატრალურის კვარტეტი და სამების საპატრიარქო გუნდი - მონაწილეებმა ქართული სიმღერები გამოცდილ და ყველასთვის საყვარელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულეს. კონკურსანტებმა ჟიურის წევრებისგან დადებით შეფასებებთან ერთად, შენიშვნებიც მიიღეს.
მუსიკალური ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. მეოთხე ლაივ-კონცერტი 23 დეკემბერს "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაიმართება. შოუს ბოლოს დარჩენილ 7 მონაწილეს კიდევ ერთი კონკურსანტი გამოაკლდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი