1 საათზე ნაკლები კენჭისყრის დასრულებამდე - ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულ ცოტა ხანში გაირკვევა. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასამდე დელეგატს შეუძლია.
საარჩევნო პროცესი, რომელსაც კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 6 კანდიდატია წარდგენილი. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, მათ საკუთარ პრიორიტეტებზე, მიზნებსა და გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
"პირველი, რაც ყველაზე გასახარებელია, არის ის, რომ აქტივობა საოცრად მაღალია. ბოლო, სულ მცირე, 12 წელი არ მახსენდება მსგავსი ტიპის აქტივობა. დილიდან, 9 საათიდან მიმდინარე არჩევნებზე არცერთი დამკვირვებლის მხრიდან ერთი ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა, რაც თუნდაც უმნიშვნელო გადაცდომად ჩაითვლებოდა. დარწმუნებული ვარ, აქტივობა გაგრძელდება დღის ბოლომდე", - აცხადებს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.