16 აგვისტო 2026,   15:57
ვრცლად
პრემიერი: ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში და სიტყვით გამოსვლა პლენარულ სესიაზე - ირაკლი კობახიძე მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

"მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის" - პლენარულ სესიაზე გამოსვლის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე და ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. პარალელურად, მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები.

"ჩვენი სესიის თემაა "მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის." ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არ მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს.

გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს. ვხელმძღვანელობთ მდგრადი მშვიდობის მკაფიო ხედვით; ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას. ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.

საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9.8% - დააფიქსირა მსოფლიოში! ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები