თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროცესს თავად ელისაშვილიც ესწრებოდა. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა, ქმედება აღიარა და ისაუბრა მიზნებზე. მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 04:00 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა იარაღის ამოღებას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ელისაშვილი გაწირეს.
"აქ არის ფიასკოს, მარცხის ფონზე დაგროვილი სიძულვილი, ბოღმა... ფაქტია, რომ ტერორისტული აქტის ჩადენაზე გაწირა სამშობლო, გაწირა საკუთარი თავი. ეს არის სამწუხარო ბედი აგენტის, როდესაც აგენტს წირავენ მისი ბედ-იღბლის იგნორირებით, დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ, ეს ყველაფერი იგნორირებული აქვთ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.