14 აგვისტო 2026,   18:57
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში - ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური დაპირისპირების თემად ქცეულ უპრეცედენტო არაბულ ინვესტიციაზე და უმაღლესი განათლების რეფორმაზე დეტალურად რამდენიმე საათს ისაუბრა

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში - არაბული ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა - ამ ორ თემაზე საუბარს ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ოთხი საათი დაუთმო. მთავრობის მეთაურმა დეტალურად უპასუხა შეკითხვებს ექვს ნახევარ მილიარდიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა.

საუბარია Eagle Hills-ის მასშტაბურ ინვესტიციაზე თბილისსა და გონიოში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მიწის თანამესაკუთრეა, ინვესტორს კი მისი გასხვისების უფლება არ აქვს. ხელშეკრულების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის რეაბილიტაციასაც თავად ინვესტორი უზრუნველყოფს, რაც საქართველოს ბიუჯეტს 160 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ბრალდებები მიწის გასხვისებაზე, არაბების შესაძლო ჩამოსახლებასა თუ მეჩეთების მშენებლობაზე, ოპოზიციის განცხადებები კი დეზინფორმაციის მიზანმიმართული კამპანიად შეაფასა. 

ინტერპელაცია შედგა და როდესაც საქმეში რიცხვები და ფაქტები ჩაერთო, სპეკულაციების ფართო სივრცე მყისიერად დაიხურა. შედეგად, მათაც შეწყვიტეს ხმაური, ვინც თვეების განმავლობაში, ცდილობდა ქვეყნისთვის "იგლ ჰილსის" ისტორიული ინვესტიციის ეროვნულ უბედურებად გასაღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან, Eagle Hills-ის მასშტაბურ ინვესტიციაზე 2 საათიანი საჯარო გაკვეთილი ჩაატარა. მთავრობის მეთაურმა რთული საინვესტიციო დეტალები ხელმისაწვდომი გახადა მათთვისაც, ვისთვისაც ეკონომიკური "მათემატიკის" ელემენტარული ათვისება ან თუნდაც საარჩევნო "არითმეტიკის" გამოთვლა, იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსად რჩება, რომლის გავლაც წარმატებით ვერასდროს მოახერხეს.

გაიშიფრა ოპოზიციის უსაფუძვლო კრიტიკის მიღმა მდგარი რეალური მიზნებიც - შესრულდეს დაკვეთა და საქართველომ 11 მილიარდიანი ზარალი განიცადოს. ამ გეგმის განხორციელება ნიშნავს, რომ ბიუჯეტი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზეა პასუხისმგებელი, წლიურად საშუალოდ 700 მილიონი ლარით დაზარალდება. ოპოზიციის რეალური გეგმა და პროექტის სარგებელი კიდევ უფრო მკაფიო გახდა, როდესაც პრემიერმა პროექტიდან სახელმწიფოს ფიქსირებულ დივიდენდზე ისაუბრა. უფრო გასაგებად, ითქვა, რომ სახელმწიფოს წილი პროექტიდან, ჯამში, დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იქნება.

გაირკვა ისიც, რომ პროექტი ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. თუმცა, იმ იშვიათ შემთხვევაში, თუკი ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის რაიმე სახის დავა წარმოიქმნება, ხელშეკრულების თანახმად, მოქმედებს ბრიტანული სამართალი. ეს ნიშნავს, რომ დავას განიხილავს ციურიხის არბიტრაჟი, რაც საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული პრაქტიკაა.

და როდესაც ჯერი კომპანიის რეპუტაციის განხილვაზეც მიდგა, აქ ოპოზიციის ბრალდებებისთვის ყველა კარი საბოლოოდ დაიხურა. მით უმეტეს, რომ კომპანია Emaar/Eagle Hills-ი "დუბაის სასწაულად" შეფასებული პროექტების უშუალო შემოქმედია.

პრემიერის თქმით, ამ მასშტაბის ინვესტორის შემოსვლა არის "სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც", რაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღიზიანებთ მათ, ვინც საკუთარ საარჩევნო შანსს საქართველოს ეკონომიკურ იზოლაციაში ხედავს.

და ახლა, როცა ყველა კითხვას პასუხი საბოლოოდ გაეცა, ქართველმა ხალხმა კი ზუსტად გაიგო - რა არის მისი სარგებელი ისტორიულ პროექტში, დაკვეთა, რაც საქართველოს ეკონომიკურ დაზიანებას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ჩავარდა. 

დღის ამბები