შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2004 წელს დაბადებული ა.ა., 2003 წელს დაბადებული ს.უ., 2000 წელს დაბადებული ა.ღ. და 2004 წელს დაბადებული ს.ხ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.