19 ივნისი 2026,   03:15
ვრცლად
"ვოთერფრონთ რიგა" - მასშტაბური პროექტი, რომელსაც Eagle Hills ლატვიაში ახორციელებს

საქართველოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ბალტიისპირეთში, არსებობს ქალაქი, რომელიც შუა საუკუნეების რომაული და მე-20 საუკუნის სოციალისტური არქიტექტურის სინთეზს საუკეთესოდ ასახავს. თბილისისგან განსხვავებით, აქ განსაკუთრებით ცივი ზამთარი იცის და გარემოც უფრო ნაცრისფერია. 5 საათიანი ფრენის შემდეგ, რიგის ცენტრში მოვედით და რიგითი ტურისტებივით ძველ ქალაქში სიახლეების ძებნა დავიწყეთ.

ქალაქის 2 დღიანი გაცნობა ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ რიგის ურბანული განახლებისთვის მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში კარგად ნაცნობი "იგლ ჰილსი" ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ვიდრე რიგაში ვიყავით, ვეცადეთ, ქართულ ოპოზიციას ბრალდებების კვალდაკვალ ავყოლოდით და "იგლ ჰილსის" ინვესტიციის კვალდაკვალ არაბული ქალაქები ანუ ლატვიური არაბიზაცია გვეპოვა, თუმცა ამაოდ. არაბული ანკლავის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში, ერთ საინტერესო ადგილს მივაგენით, საიდანაც მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები და ინვესტიციის განხორციელების ადგილი ყველაზე კარგად ჩანს.

"ვოთერფრონთ რიგა" - მასშტაბური პროექტია, რომელსაც "იგლ ჰილსი" საქართველოს მსგავსად, ლატვიაშიც განსაკუთრებული მიზიდულობის ადგილას ახორციელებს. საუბარია იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე. აქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მასში სრულად ადგილობრივი პერსონალი მონაწილეობს.

გავარკვიეთ, რომ ადგილზე განახლდება არაერთი ისტორიული ძეგლი და მათში სხვადასხვა სახის მულტიფუნქციური სივრცეები მოეწყობა. შენობები, რომლებიც ახლა მხოლოდ ნანგრევების შთაბეჭდილებას ტოვებს, მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. უფრო ზუსტად როგორი იქნება ისტორიული პროექტი, "იგლ ჰილსის" ადგილობრივ ოფისში გავიგეთ, სადაც არა არაბმა, არამედ ეროვნებით ლატვიელმა მენეჯერებმა, არქიტექტორებმა და დიზაინერებმა გვიმასპინძლეს.

5 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე გაშენებული თანამედროვე უბანი ურბანულ ცენტრებად დაიყოფა. აქ იქნება 8000 ერთეული საცხოვრებელი 30,000-მდე მაცხოვრებლით. 1000-ზე მეტი მაღალი სტანდარტის სასტუმროს ნომერი, რომელიც ბიზნესმენებსა და ტურისტებს მოემსახურება, რაც რეგიონში ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

რიგაშივე იგეგმება გლობალური, მსოფლიო კლასის სავაჭრო სივრცის მშენებლობა, სადაც ბრენდული მაღაზიები და გასართობი ობიექტები განთავსდება.

მშენებლობა გრძელდება. რიგას მალე ახალი, სრულიად განსხვავებული და ინოვაციური უბანი შეემატება. ვიდრე, ქართული ოპოზიციის ვირტუალურ არაბულ ურდოებთან ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ლატვიას ვტოვებთ, სადაც ვერცერთი არაბული დასახლება ვერ ვიპოვეთ.

დღის ამბები