"სფერო ჰოლდინგი", საიმიჯო კლიპით, ხალხს მევახშეებისგან და არაკეთილსინდისიერი მშენებლებისგან დაცვას ჰპირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, უამრავი ადამიანი თავადვე დააზარალა. მათ შორის მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოპაციენტები და სოციალურად დაუცველებიც კი, მასშტაბური თაღლითური პირამიდის მახეში აღმოჩნდნენ.
კომპანია, რომელიც თავს საერთაშორისო კორპორაციას უწოდებდა, მოქალაქეებს გირავნობის მსგავსი გარიგების დადებას სთხოვდა. არწმუნებდნენ, რომ, კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ, მათ თბილისში დროებითი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფდნენ.
შეთანხმების მიხედვით, ბინის ყოველთვიური ქირა კომპანიას უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების ერთი, ან ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ კი თითოეულ მოქალაქეს კომპანიისთვის ჩარიცხული ათასობით დოლარი უკან სრულად დაუბრუნდებოდა. ამ სქემით, "სფერო ჰოლდინგმა" საკუთარ ანგარიშებზე მილიონობით ლარის აკუმულირება მოახერხა, თუმცა მალევე, ოჯახებისთვის ქირის ფულის გადახდაც შეწყვიტა და ე.წ. გირაოს თანხის დაბრუნებაზეც უარი თქვა. შედეგად, ასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.
ეკა აბულაძეც ერთ-ერთია იმ ასობით დაზარალებულს შორის, ვინც "სფერო ჰოლდინგში" უკანასკნელი დანაზოგი გადარიცხა. მან, დროებითი საცხოვრებლის სანაცვლოდ, კომპანიას 24 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა, იმის გამო, რომ "სფერო ჰოლდინგმა" ქირა აღარ გადაუხადა, ახალგაზრდა ქალს, ორ მცირეწლოვანთან ერთად, ბინის დატოვება მოუწია.
ონკოპაციენტი ქეთევან კუბლაშვილიც დაზარალებულთა შორისაა. ქალი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამჟამადაც მკურნალობის კურსს თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. მან რეგიონში საგვარეულო სახლი 17 ათას დოლარად გაყიდა, თანხა კი "სფერო ჰოლდინგში" შეიტანა იმ იმედით, რომ კლინიკასთან ახლოს, დროებით საცხოვრებელს მიიღებდა, ერთი წლის შემდეგ კი თანხა სრულად დაუბრუნდებოდა. ქალმა, რომელიც ახლაც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, არ იცის, თუ სად წავიდეს კლინიკიდან გაწერის შემდეგ.
ქეთევან კუბლაშვილისა და სხვა, ასობით მოქალაქის ზარალი პროკურატურამ დათვალა. 12 მილიონის ზიანი უკვე დოკუმენტირებულია, თუმცა დაზარალებულები ამბობენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა 27 მილიონამდე, დაზარალებულთა რაოდენობა კი 600-მდე გაიზრდება.
მასშტაბური თაღლითობის საქმეზე ხელბორკილები დაადეს "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელს, გივი წულეისკირს, მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი მურუსიძემ კი ქვეყნის დატოვება მოასწრო, რის გამოც მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
გივი წულეისკირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ასობით ადამიანი საცხოვრებელი სივრცის გარეშე დატოვა, თავად დახურული სივრცის შიში აღმოაჩნდა. სწორედ კლაუსტროფობიაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადვოკატი მის ციხეში ყოფნას გაუმართლებლად მიიჩნევს. ბრალდებულების ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ "სფერო ჰოლნდიგის" მფლობელების პატიმრობა დაზარალებულებისთვის ვერაფერს შეცვლის, თავისუფლების პირობებში კი, მზად არიან, თანხები აანაზღაურონ.
ის, რომ დაზარალებულთა წრე შესაძლოა მალე გაიზარდოს, ამას საქმის პროკურორიც ადასტურებს. გამოძიება, დამატებით, ასობით მოქალაქის საქმეს სწავლობს, რომლებმაც "სფერო ჰოლდინგის" ანგარიშებზე დიდი ოდენობით შენატანი გააკეთეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესი "სფერო ჰოლდინგის" საქმიანობის სფერო ნამდვილად არ აღმოჩნდა. ასობით დაზარალებული ახლა კომპანიის მიერ მითვისებული თანხების დაბრუნებას ელოდება, მანამდე კი სახელმწიფოს დახმარებასა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავენ.