წერილი ქვეყნის დამაზიანებელი შინაარსით, ავტორია "კოალიცია ცვლილებებისთვის", ადრესატები: ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ოპოზიციურმა პარტიამ მოთხოვნები ოთხ პუნქტად გაწერა და წერილში ჩაწერა, რომ პარტნიორები სიმბოლურიდან ხისტ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ. პერსონალური სანქციები, "მეგობარი აქტის" მიღება, პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა - სურვილების სიაში ოპოზიციურ ალიანსს არც სალომე ზურაბიშვილი გამორჩენია. კოალიცია, ყოფილის ლეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს.
საქართველოდან გაგზავნილ წერილს ჯერ მხოლოდ თბილისში აფასებენ. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ოპონენტები ქვეყნის დაზიანებას ყველა მეთოდით ცდილობენ. მათი მთავარი სამიზნე კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, იხსენებენ ოპოზიციის ევროპულ ვოიაჟებსაც.
სადამსჯელო ზომები ჩავარდნილი რევოლუციის სანაცვლოდ - ასე აფასებს მმართველი გუნდი წერილს, რომელიც კოალიცია ცვლილებების სახელით ევროკავშირში, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებს მმართველი გუნდის ლიდერების დასანქცირებას, "მეგობარი აქტის" მიღებას, ხელისუფლებასთან პოლიტიკური და ფინანსური კავშირების შეჩერებას, ხალხის ნების ლეგიტიმურ წარმომადგენლებად კი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სალომე ზურაბიშვილის აღიარებას სთხოვენ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ამ ღია მოწოდებების უკან, რეალურად ის ფარული მიზნები დგას, რაც მთლიანად ქვეყნის დაზიანებას უკავშირდება.
წერილის ხელმომწერები "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" არიან. სამი პარტიის სახელით ერთი კოალიცია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა და პარტნიორებმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგან.
დასავლეთს ხისტი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ "ნაციონალური მოძრაობაც" და "ლელოც". იმავდროულად ამტკიცებენ, რომ ბრიუსელში დახურულ შეხვედრებზე პარტნიორებს საპირისპიროში არწმუნებენ, რომ რისკების მიუხედავად უვიზო მიმოსვლა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს.
ევროპელი ბიუროკრატები რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებენ, დიდი ხანია აცხადებს "ქართული ოცნება". როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, საჯარო უარყოფის მიუხედავად, ამ პროცესის თანამონაწილეები არიან მათი ოპონენტებიც. უმრავლესობის თქმით, სწორედ ოპოზიცია არწმუნებს ბრიუსელში მაღალჩინოსნებს, რომ საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა შეუჩერდეს მთლიანად ქვეყანას, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი არ გამოიღო.
მორიგი დაკვეთა, რომელიც უმრავლესობის თქმით, ოპოზიციამ უპირობოდ შეასრულა, 28 ნოემბრის აქციის დაანონსება იყო. საუბარია ტექსტზე, რომელიც "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბრიუსელიდან გამოიგზავნა და რომელიც მედიაში გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტის წინ, ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხეს.