07 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, სამართლებრივად არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებულია - წაყენებული ბრალი და პოლიტიკური შეფასებები

ყოფილი პრემიერის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ახლა უკვე განსასჯელის სკამზე მჯდომი გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, სამართლებრივად არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სისხლის სამართლის ორი საქმიდან ერთზე, 20 ივნისის ეპიზოდზე, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაცია მიიღო, იმისთვის, რომ სამართლებრივად შეეფასებინა 20 ივნისის აქციის დაშლის ღონისძიების დაგეგმვასა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. ჩატარებული გამოძიების შედეგები კი, მმართველი პარტიის შეფასებით, გერმანიის რეზიდენტის, გიორგი გახარიას პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი საფუძველია.

გახმაურებული საქმეების ორ - ჩორჩანასა და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის ეპიზოდებში, ასეულობით მოწმის ჩვენება, 100-ზე მეტი სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა და ათეულობით დაზარალებულია, თუმცა ამის მიუხედავად, განსასჯელის სკამზე მჯდომი ექსპრემიერის გუნდი, გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ფარგლებშიც ათობით დაზარალებული გამოიკითხა, საფუძვლად სწორედ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა დაედო. გამოძიების მიმდინარეობისას კი პროკურატურამ ყველა ის გარემოება შეისწავლა, რის საფუძველზეც, 20-21 ივნისს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება მოხდა. არქივი მრავლად ინახავს 2019 წლის, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიიდან, რომელიც გიორგი გახარიას თვითნებურ ქმედებაში ამხელს. ერთ-ერთი ასეთი, პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსის ჩვენებაა, სადაც გიორგი ჭოლაძე ამბობს, რომ საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად, ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო.

ექსპრემიერის თვითნებურ გადაწყვეტილებებზე, საგამოძიებო უწყებას არაერთი ჩვენება აქვს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოკითხულებს შორის იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია. მათ გამოძიებას დაუდასტურეს, რომ 2019 წელს ჩორჩანაში, ქართული საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებს ინფორმაცია არ ჰქონიათ, საკითხი არც მთავრობის სხდომაზე, არც უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არ განხილულა, გადაწყვეტილება კი გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო.

გიორგი გახარიას მიმართ შეკითხვები, ექსპრემიერის პარტიის საარჩევნო პარტნიორებსაც აქვთ, განსაკუთრებით კი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, "ლელო" მაინც მიიჩნევს, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს.

სახელისუფლებო გუნდში, სადაც ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, გიორგი გახარიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 20 ივნისს საპოლიციო ღონისძიების ჩატარებით, გახარიამ ქვეყანას პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა. ჩორჩანაში საგუშაგოს თვითნებურად განთავსებით კი, ქვეყანას შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე შეუქმნა და მისი გადაწყვეტილების გამო, ოკუპაციის ქვეშ მოექცა მილიონი კვადრატი მიწის ფართობი.

გიორგი გახარიას, რომლის ორი სისხლის სამართლის საქმე უახლოეს საათებში სასამართლოში შევა, 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები