შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.