13 ივნისი 2026,   14:55
ვრცლად
მანანა გიორგობიანი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს - 19 და 20 წლის ახალგაზრდებზე ძალადობის ფიგურანტებს, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ქალი, რომელიც ვიდეოში სასურსათო მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მანანა გიორგობიანია. ჩანაწერში ისმის, რომ სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელი მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა აგრესიულად განწყობილი მომხმარებლის დამშვიდებას ვერ ახერხებს.

მალევე, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე "სპარის" მაღაზიასთან, მანანა გიორგობიანის ნაცნობი რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ჩნდება. ისინი მარკეტის ორ თანამშრომელს - 19 და 20 წლის ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ძალადობა ჯერ მაღაზიის შიდა პერიმეტრზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა.

"სპარის" ორი ნაცემი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა კი ამავე უბანში მცხოვრები მანანა გიორგობიანი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული საცალო ვაჭრობის ობიექტზე განთავსებულმა ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს.

"სპარის" კონსულტანტებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე 6 პირი უკვე იდენტიფიცირებულია. სამართალდამცველები მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც ატარებენ.

ერთ-ერთი, ვინც მაღაზიის კონსულტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა ჯაკო ჩარკვიანია. ოჯახის ინფორმაციით, ჩარკვიანი სხვებთან ერთად სუფრაზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მეგობრის დედამ, მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა. ის კიდევ ხუთ პირთან ერთად ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, რის შემდეგაც "სპარის" თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯაკო ჩარკვიანი ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

დაზარალებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით საქმის ფიგურანტებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები