18 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
"EMAAR ჯგუფის" 6-მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში - ხელისუფლება ოპონენტებს უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს

უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტს, რომლის მიზანმიმართულ დაზიანებაშიც სახელისუფლებო გუნდი, ოპონენტებს ადანაშაულებს, საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია - "EMAAR ჯგუფი" ახორციელებს. 6 ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარი, საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან-თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, იახტ კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს. საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემულ მიწებზე, თანამედროვე კომპლექსების, საკუთარი ფინანსებით აშენების ვალდებულება, არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანმა დეველოპერებმა აიღეს, სანაცვლოდ კი საქართველო პროექტის 33 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის რეალიზაციიდან შემოსული თანხის 33 პროცენტი, სწორედ საქართველოს ბიუჯეტში შევა. საკონტრაქტო პირობების თანახმად, დასაქმდება 30 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე. მეგაპროექტისთვის საჭირო მასალებს კი ქართულ ბაზარზე შეიძენენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერის - "EMAAR ჯგუფის" ინვესტიციის წინააღმდეგ, პირველი, ბიზნესიდან ოპოზიციაში გადასული მამუკა ხაზარაძე წავიდა. პოლიტიკოსი, რომელმაც თავის დროზე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, ინვესტორების მოზიდვა ვერ შეძლო, ახლა ამტკიცებს, რომ 6 ნახევარი მილიარდის დაბანდების შემდეგ, საქართველოში არაბული დასახლებები გაჩნდება, ქვეყანა კი ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის განცხადებებს ერთი-ერთში იმეორებს "ალტ-ინფოც," რომელმაც ისტორიულ ინვესტიციას, რამდენიმე გადაცემა მიუძღვნა.

ხაზარაძისა და "ალტ-ინფოს" ღირებულებით და იდეურ კავშირზე ყურადღება დღეს ოპოზიციური რიგებიდანაც გაამახვილეს. "გირჩი" დარწმუნებულია, რომ არაბულ ინვესტიციასთან მებრძოლი ეს ადამიანები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიზანმიმართულად უპირისპირდებიან და უფრო მეტიც, ცდილობენ მოქალაქეებს, მტრული განწყობა დეზინფორმაციის გავრცელებით შეუქმნან.

საუკუნის საინვესტიციო პროექტზე თავდასხმას საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულ ტყუილსა და სპეკულაციას უწოდებს. ეკონომიკის მინისტრი, რომელიც "EMAAR ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულების, ხელმომწერი თავად არის, ამბობს, რომ 6 ნახევარი მილიარდის მოცულობის ინვესტიცია ისტორიული შესაძლებლობაა, საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის. შესაძლებლობა ეკონომიკის გაძლიერების, წლიურად 350 ათასზე მეტი ვიზიტორისა და 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

უმსხვილეს ინვესტორთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები, საჯაროდ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო," მაინც ამტკიცებენ, რომ თბილისსა და გონიოში აშენებული უძრავი ქონება უცხოელებზე გაიყიდება. უფრო მეტს ითხოვს ხაზარაძის პარტია, რომელსაც არც სახელმწიფოს თანაპარტნიორების ფარგლებში მიღებული 33-პროცენტიანი წილი და არც მიღებული ინფორმაცია ყოფნის.

ოპონენტებს "ქართული ოცნება" ახსენებს, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს გამჭვირვალედ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად იღებს. მმართველ პარტიაში თქვეს ისიც, რომ მთავრობას, რეალური საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების დოკუმენტის გასაჯაროების პრობლემაც არ აქვს.

არაბული ინვესტიციების წილი უდიდესია ევროპის სახელმწიფოებში - მათ შორის, იტალიასა და საფრანგეთში. თავად "EMAAR ჯგუფმა" კი, საქართველომდე მსხვილი საინვესტიციო პროექტები განახორციელა ხორვატიაში, ბაჰრეინში, იორდანიაში, ლატვიაში, მაროკოში, სერბეთსა და ალბანეთში. მხოლოდ ხორვატიისთვის გამოყო 15 მილიარდ დოლარზე მეტი. განხორციელებულმა პროექტმა კი, ქვეყანა ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრად იქცა, რამაც თავის მხრივ, ხორვატიის რიგითი მოქალაქის შემოსავალზეც აისახა.

დღის ამბები