19 აგვისტო 2026,   18:52
ვრცლად
"ჩვენ მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოგვიწოდებენ და ამას "ქართული ოცნება" ასაღებს, როგორც საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას" - გიორგი შარაშიძე

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარს იზიარებენ. 

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ დოკუმენტით საქართველოს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოგვიწოდებენ და ამას პაპუაშვილი და "ქართული ოცნება" ასაღებს, როგორც საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ. 

"ამ რეზოლუციაში საუბარი იყო დემოკრატიის უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის სრულ მოსპობაზე, იმ ძალიან სავალალო უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც, სამწუხაროდ, ახასიათებს ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას. ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, იმ ძალიან მძიმე ფონზე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი," - ამბობს გრიგოლ გეგელია.

"ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად, - შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.

დღის ამბები