გერმანიის ხელისუფლება თავს იკავებს იმ ენჯეოების დასახელებისგან, რომლებსაც საქართველოში აფინანსებს - მერცის მთავრობა მთავარი ოპონენტის დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებას, თუმცა ასაჯაროებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობას. საუბარია 2 560 000 ევროზე, რომლიდანაც ყველაზე მსხვილი თანხა ენჯეოებმა გასულ წელს მიიღეს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მთავრობას 9 კითხვით 21 ოქტომბერს მიმართა და დაინტერესდა, ვის, რატომ და რა მიზნით აფინანსებს საქართველოში.
გერმანიის მთავრობა ერთი მხრივ ადასტურებს, რომ ქართული ენჯეოების დაფინანსების წყაროა, მეორეს მხრივ თავს არიდებს დეტალებზე საუბარს.
"ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ გერმანიას არ სურს, ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ ისაუბროს ფინანსებზე, რომლებსაც საქართველოში ის არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციებს უგზავნის საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომლებიც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობასთან მიმართებაში აბსოლუტურად სწორი და აუცილებელი იყო. არ შეიძლება უცხოური ფული ქვეყანაში შემოდიოდეს და არ იცოდეს საზოგადოებამ, სახელმწიფომ თუ რა თანხა არის და რა მიზნებისთვის არის, ვინ არის ამ თანხების მიმღები და რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ ის თანხებია, რომლებიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან USAID-ისა და NED-ის მეშვეობით აქ ე.წ. ფერადი რევოლუციებისა და უკიდურესი მემარცხენე იდეოლოგიის დამკვიდრებას ემსახურებოდა", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე