13 აგვისტო 2026,   21:35
ვრცლად
აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.

"შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე" მომზადებული ინფორმაცია, რომელიც 2021-2023 წლებს მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, ჩატარებული აუდიტის შედეგად შრომის ინსპექციის სამსახურის მიმართ შემუშავდა ოთხი რეკომენდაცია:

1. შრომის ინპექციის სამსახურმა, ინსპექტირების პროცესის მოთხოვნებთან ადამიანური რესურსების რაოდენობისა და განაწილების უკეთ მისადაგების მიზნით, უზრუნველყოს ინსპექტორთა რაოდენობის ეტაპობრივი ზრდის პარალელურად, ახალი თანამშრომლების რეგიონულ სამმართველოებში გადანაწილება შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობის პროპორციულად, სექტორული და რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით;

2. შრომის ინპექციის სამსახურმა, შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, განსაზღვროს გეგმური ინსპექტირების დაფარვის მიზნობრივი მაჩვენებლები და უზრუნველყოს ინიციირება სამინისტროს სტრატეგიაში ;

3. შრომის ინპექციის სამსახურმა, შესამოწმებელი ბიზნეს სუბიექტების სიმრავლის შესახებ ინფორმაციის ხარისხისა და დროულობის გაუმჯობესების მიზნით, განიხილოს მოქმედი ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, გაერთიანებული ბაზის ფორმატის/ველების და მათი გაერთიანებისთვის საჭირო პროცედურების ჩათვლით;

4. შრომის ინპექციის სამსახურმა, გეგმური ინსპექტირებისთვის ყველაზე რელევანტური ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით, შეიმუშაოს ფორმალური პროცედურა/მეთოდური ინსტრუქცია (შესაძლოა, ელექტრონული პროგრამის სახით), რომელიც შერჩევისას, პროფესიულ მსჯელობასთან ერთად, უზრუნველყოფს შერჩევის კრიტერიუმების თანმიმდევრულ და ეფექტიან გამოყენებას, გადაწყვეტილებების გარკვეული ნაწილის ავტომატიზაციისა და დოკუმენტირების მეშვეობით (აუდიტის კვალის შენარჩუნების გზით).

„სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე“ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც 2022-2023 წლებს მოიცავს, სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარადგინა. მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს ჩატარებული აუდიტის მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები გააცნო.

თორნიკე შერმადინის განცხადებით, შემუშავდა სამი რეკომენდაცია:

1. აქტივების აღრიცხვის სისრულის, სიზუსტისა და არსებობის დადასტურების მიზნით, მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საკუთარ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრიროს ცენტრის სახელზე;

2. მძიმე ტექნიკის საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დანერგოს სრულყოფილი კონტროლის მექანიზმები. მიზანშეწონილია, შემუშავდეს სპეციალური ფორმა, რომელშიც აისახება საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი აუცილებელი მონაცემი/რეკვიზიტი, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სისრულეს;

3. შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებლობით გამოწვეული გარემოებების გარდა, შესაბამის პოზიციებთან მიმართებით განხორციელდეს საშტატო რიცხოვნობის ოპტიმიზაცია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები