06 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
ეკონომიკური სარგებელი, შეუფერხებელი სატრანზიტო კავშირი, შემცირებული დრო და შემოკლებული მანძილი - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე, რომელიც გურიას გაივლის, გზის საფარი უკვე დაგებულია, ამ ეტაპზე კი სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

პარალელურად, შენდება სამტრედიიდან სოფელ ჯაპანამდე დამაკავშირებელი გზაც. 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 უკვე დაგებულია. მიმდინარეობს დაზიანებული ხიდის აღდგენა მდინარე რიონის მიმდებარედ.

სამტრედია-გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო დერეფნის ნაწილია. გზა ოთხ ეტაპად შენდება, საიდანაც 30-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გახსნილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერა. მან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გზის სრულად გახსნის შემდეგ გაიზრდება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებელი სატრანზიტო კავშირი.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები