13 აგვისტო 2026,   21:36
ვრცლად
უპასუხებს თუ არა ზნეობრივი კომისიის შეკითხვებს ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი - მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქოში იბარებენ

"დაგეგმილი სპეცოპერაცია" და "მკვლელი მთავრობა" - ამ და სხვა გამონათქვამებისთვის, საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარს ახსნა-განმარტებისთვის იბარებს. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციისა და ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა, საპატრიარქოში 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. თუ სასულიერო პირი ეპარქიის კომისიაზე მისვლაზე უარს არასაპატიო მიზეზით იტყვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეს დისციპლინარულ გადაცდომად ჩაითვლება.

სასულიერო პირის ზნეობრივ კომისიაზე დაბარების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებული განცხადებებიც გახდა. ნახევარსაათიანი ინტერვიუს ძირითადი დრო არქიმანდრიტმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასა და რევოლუციის მოსაწყობად შემუშავებულ გეგმას დაუთმო. მის განცხადებაში ისმოდა მძიმე ბრალდებებიც.

თავად ბრალდებების ავტორი თავის ამ პოზიციაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა არქიმანდრიტი დარწმუნებულია, რომ ამ განცხადებების გამო ეკლესიის წინაშე პასუხისგება მაინც მოუწევს. მივა თუ არა დათქმულ დროს და დანიშნულების ადგილამდე? - დოროთე ყურაშვილი ამტკიცებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შიდა საეკლესიო საკითხები საპატრიარქოში უნდა გადაწყდეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შეკითხვები არ დარჩენია იმ ადამიანების მიმართ, ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. მმართველი გუნდის თქმით, ქუჩაში ყველა ერთი მიზნით - ხელისუფლების დასამხობად გამოვიდა. ამის დასტური, სახელისუფლებო გუნდისთვის სასულიერო პირის მოწოდებებია. არქიმანდრიტმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დამონტაჟებული მიკროფონით 2-ჯერ ისარგებლა და თან ანალოგიური შინაარსის მოწოდებები გააკეთა.

ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის საპროტესტო აქციაზე გამოჩენით კმაყოფილი იყო "ნაციონალური მოძრაობა". მაშინაც, როცა დოროთე ყურაშვილმა ლევან ხაბეიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. სააკაშვილის გუნდი სასულიერო პირის აქციებსა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს, ისევე, როგორც თავის განცხადებებში. ანალოგიურად ფიქრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

"ქართული ოცნება" სასულიერო პირის მოწოდებებზე რეაგირებას საპატრიარქოსგან ელოდება.

უპასუხებს თუ არა ზნეობრივი კომისიის შეკითხვებს ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი, 2 დღეში გაირკვევა. არქიმანდრიტმა საპატრიარქოში დაბარების შესახებ ცნობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელისგან უკვე მიიღო.

დღის ამბები