გელა უძილაურმა დღეს სასამართლოზე დუმილი დაარღვია და ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე პირველად ისაუბრა. "დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური" – ამ სიტყვებით დაიწყო უძილაურმა ჩვენების მიცემა.
ბრალდებული სასამართლოს არწმუნებდა, რომ ლევან ჯანგველაძეს გასროლა დაასწრო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი თავად გახდებოდა, თუმცა მკვლელობის დღეს გავრცელებული კადრები საპირისპიროს ამტკიცებს – მასალაში ჩანს, რომ ბიზნესმენს უძილაური უახლოვდება, რამდენჯერმე ესვრის და ადგილიდან გარბის.
ვისი დაკვეთა შეასრულა უძილაურმა? – ბრალდებულმა ეს ვერსია დღეს უარყო და თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს მხოლოდ პირადი წყენის გამო ესროლა. მისი თქმით, კონფლიქტი სამი წლის წინ, კიევში დაიწყო.
ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, უძილაური საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლოს დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჩვენების დეტალებზე ისაუბრეს.
ბიზნესმენი რომ შეკვეთით მოკლეს, ამაში დარწმუნებულია ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი. ტარიელ კაკაბაძის თქმით, უძილაურმა, საკუთარი ჩვენებით, კონკრეტული პირების დანაშაული დაფარა.
საპირისპიროს ამტკიცებს უძილაურის ადვოკატი და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე გულწრფელი იყო.
გელა უძილაური პოლიციამ 17 მარტს დააკავა. მალევე, გამოძიება კონკრეტული პირების კვალზე გავიდა და საქმის ახალი დეტალები გასაჯაროვდა. გაირკვა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე – 15 თებერვალს, 19:14 საათზე – სასტუმრო "თბილისი ტაუერსში" უძილაური გიორგი ჯოხაძეს შეხვდა, რამდენიმე წუთში მათთან ძმები მიქაძეებიც მივიდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა ბიზნესმენის ლიკვიდაცია.
თუმცა დღეს ძმებ მიქაძეებთან ნაცნობობა უძილაურმა უარყო და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხაძის პირადი მცველი იყო.
ლევან ჯანგველაძეს 14 მარტს, 23:30 საათზე, ხალხმრავალ ადგილას ესროლეს. ბიზნესმენი ჭავჭავაძის ქუჩაზე თანმხლებ პირთან ერთად გადაადგილდებოდა. ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი თანამგზავრი კი დაიჭრა.
გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
14 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, ამ ეტაპზე, სულ ხუთი პირია დაკავებული, ორ პირზე – დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე – ძებნაა გამოცხადებული.