გურჯაანის ცენტრალური პარკი დღეს დიდ საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. მშრალი და ტკბილი, თეთრი და წითელი, ძველი და ახალი ღვინო დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა. აქ, თითო ბოთლში არა მხოლოდ ყურძნის გემო, არამედ უძველესი ქართული ტრადიცია იგრძნობოდა. ახტალის პარკში მისულ სტუმრებს ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდათ.
ფესტივალის მთავარი გმირები მეღვინეები იყვნენ, რომლებმაც სტუმრებს, როგორც ქვევრის, ასევე ახალი ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები წარუდგინეს. წელს საკუთარი პროდუქტის ფართო ასპარეზზე გამოტანა 200-მდე მეღვინემ შეძლო.
ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, შემეცნებითი სივრცეები, საბავშვო ზონები და ქართული სამზარეულო - სტუმრებმა შემოდგომის ტრადიციული ქართული ტკბილეული დააგემოვნეს.
ღვინის შესახებ საქართველოს ისტორიას გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გურჯაანში მიიწვია.
ღვინის ფესტივალზე მთავრობის მეთაური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფესტივალი უკვე მეცხრედ იმართება. ახტალას პარკში საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ცოცხალი მუსიკისა და გასართობი აქტივობების ფონზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს, გალა კონცერტით დასრულდება.