ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო. მასში მოყვანილია ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის სიტყვებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიების "ოკუპაცია უნდა დასრულდეს და რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები".
რეზოლუცია "საქართველოსთან თანამშრომლობის" შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, კონსენსუსით, პირველად გავიდა. დოკუმენტში აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევები და ჰუმანიტარული პრობლემები.
"ეს რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული კონსენსუსით, 2017 წლის შემდგომ, მას შემდგომ, რაც მათ წარადგინეს საქართველო ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იყო საქართველოსადმი მზარდი და უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია თანამედროვე ტურბულენტურ მსოფლიოში. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმ დიდ სამუშაოს, რომელიც გაწია საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში, რომლის შედეგადაც ეს წარმატება გახდა შესაძლებელი", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
საერთაშორისო საზოგადოების მზარდ მხარდაჭერაზე საუბრობს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რევაზ ლომინაძე.
"საქართველოსთან თანამშრომლობის რეზოლუცია პირველად გავიდა კონსენსუსით, რაც უდავოდ მეტყველებს საერთაშორისო საზოგადოების მზარდ მხარდაჭერაზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში საქართველოს მისიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ საოცარ მიღწევაში", - განაცხადა რევაზ ლომინაძემ.