14 აგვისტო 2026,   18:53
ვრცლად
ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს ბრალი წარედგინათ - რა სასჯელი ემუქრებათ მათ და რა წერია პროკურატურის ბრალდებაში

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ბრალის დადგენილებაში ჩაწერილი ამ მუხლებით, განსასჯელის სკამზე მსხდომ აქციის ორგანიზატორებს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების მობილიზება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. ღიად საუბრობდნენ რევოლუციის საჭიროებაზე და ძალადობრივი შინაარსის მოწოდებებს აკეთებდნენ. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე.

ძალადობრივი შინაარსის ღია მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები ბრალს არ აღიარებენ. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული ობიექტის, ჯგუფურად, ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე წარუდგინეს. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობა ედება ბრალად ლაშა ბერიძეს, პაატა მანჯგალაძეს კი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულებმა ძალადობრივი ქმედებების დაორგანიზება ჯგუფურად, 4 ოქტომბერს დაიწყეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ პროცესს თავად უხელმძღვანელებდნენ. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაპატიმრებასა და პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი გზით დაკავებას, ასევე - სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას.

სამოქმედო გეგმა, რომელზეც საგამოძიებო უწყება საუბრობს, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს საღამოს 7 საათისთვის გააცნო.

ბურჭულაძის 9-წუთიანი სიტყვის შემდეგ კი, სახელისუფლებო ცენტრების დაკავებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ, აქციის მონაწილეებს, მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა.

დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, საღამოს, 19:10 საათზე მივიდნენ. დააზიანეს ათონელის რეზიდენციის დამცავი ღობე, შეიჭრნენ სტრატეგიული ობიექტის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და სპეცრაზმს. თავს დაესხნენ ქვებით და მძიმე საგნებით. ცეცხლი წაუკიდეს და გაანადგურეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირების ქონება.

კონსტიტუციური წყობილებისა ძალადობრივი გზით შეცვლისა და, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტებზე შსს-ში გამოძიება გრძელდება. ძალოვანი უწყება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.

დღის ამბები