პროკურატურამ "ლელოს" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პარტიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რითაც, მათივე მტკიცებით, დასტურდება ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის და მისი მოსყიდვის მცდელობა.
საუბარია, ყიზი-ლაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრალდებები აბსურდულია და რეალობას გამოძიება დაადგენს. მათივე თქმით, მოხდება ოპოზიციის რეალური გეგმების მხილება. ვერსია კი, რომელიც "ლელოს" მითითებით მათი გუნდის ყოფილ წევრს თავადვე გააჟღერებინეს, მტკიცებულება ვერ იქნება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ლელოს"არჩევნებისთვის არანაირი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ცდილობენ, თავიანთ მნიშვნელობას ხელოვნურად გაუსვან ხაზი.
"შინაარსი გაუგებარია, არ არის იდენტიფიცირებული, მისი ნამდვილობა არ არის დადასტურებული. ერთი მუჭა რადიკალები ათას სისულელეს იგონებენ, რაღაცებს წერენ, აქვეყნებენ, ჰქონიათ, რომ ამ ტყუილებით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ. ეს ყველაფერი არის მცდელობა საკუთარ თავს ხაზი გაუსვან, წარმოაჩინონ იმაზე მნიშვნელოვნად, ვიდრე არიან. მცდელობები, საკუთარი თავის მნიშვნელობა გაზარდონ, ემსახურება რეალობის გამჟღავნებას, რომ სინამდვილეში არჩევნების წარმატებით დასრულებისთვის ამ რადიკალურ ძალებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ისინი არიან უსუსტეს მდგომარეობაში.
მსგავს მანიპულაციებით, სისულელეებით ცდილობენ თავი გაიმართლონ, თითქოს ვინმე დევნის და ამ დევნის შედეგად მიიღებენ იმ კატასტროფას, რა პოლიტიკური კატასტროფაც ელოდებათ მათ არჩევნების შედეგების თვალსაზრისით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.