"ბურჭულაძეს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის სცენებზე მღეროდა, მაგრამ ის შეარჩიეს, რადგან კავშირი არ ჰქონდა "ნაცმოძრაობის" სისხლიან წარსულთან," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე "დღეს იძულებულია, რომ ამ ხალხის გეგმების რეალიზების სცენარში ჩაერთოს."
"იძულებულია, რადგან ასე დაავალეს. ბაჩო ახალაიას იმედი აქვთ, რომ შეიძლება, კავშირები ჰქონდეს იმ მწამებლებთან, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ და არანაირი სისხლი მათთვის ღირებულს არ წარმოადგენს. ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი, ის ხალხია, რომელიც სისხლიან ტერორში მონაწილეობდა. კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის სისხლიანი წარსულის მქონდე, სადაც პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლში აღმოჩნდა," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, "კურიერმა" მოიპოვა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს. "კურიერის" ინფორმაციას არ უარყოფს თავად პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ესაუბრება ყველას, ვინც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მის გეგმას იზიარებს. "კურიერის" ინფორმაციით, მანამდე პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან სახლში იმყოფებოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს.