20 აგვისტო 2026,   23:41
ვრცლად
თაღლითობა და თაღლითობაში დახმარება - ახალი დეტალები ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი მილიონობით ლარის მითვისების საქმეში

ახალი დეტალები ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი მილიონობით ლარის მითვისების საქმეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ბრალდებით, დააკავა "ბიპი ტრანსის" დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია და კიდევ ერთი თანამშრომელი. ასევე, საზედამხედველო კომპანიის სამი წარმომადგენელი, "ბიპი ტრანსის" ყოფილ დირექტორს და მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს კი ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტში ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, პაიკიძე, სხვა ბრალდებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას. ირკვევა, რომ პაიკიძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

უფლებადამცველებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში მოინახულეს. ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც მიმალვაში მყოფი, ბიჭიკო პაიკიძის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს.

"საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, ვინაიდან, ოფიციალურად, ბრალი არ აქვს წარდგენილი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ ვალდებულება, გადმოგვცენ საქმის მასალები. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმის მასალები შეადგენს დაახლოებით 20 ტომს. როდესაც ბრალი წარდგინება და საქმის მასალებს გავეცნობი, აუცილებლად მოგახსენებთ პოზიციას," - აცხადებს ადვოკატი, ირმა ჭკადუა.

კიდევ ერთი დაკავებულის, იოსებ ჭანჭალეიშვილის ადვოკატი, შოთა მანელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"ვიცავ იოსებ ჭანჭალეიშვილის ინტერესებს, იგი მენეჯერი გახლდათ "ბიპი ტრანსის". ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო გარემოებებია, რომელიც სათანადო გაანალიზებას საჭიროებს. ამ ეტაპზე, არაგონივრული იქნება ჩვენის მხრიდან რაიმე კონკრეტულ ვითარებასა და გარემოებებზე საუბარი. მაყრად ვარ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში," - აცხადებს შოთა მანელიძე.

"კურიერი" იმყოფებოდა ვანის საკრებულოშიც, რომლის მოქმედი დეპუტატი არის ბიჭიკო პაიკიძე, სადაც განმარტავენ, რომ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ის სამსახურში არ მისულა.

"საკრებულოში მოღვაწეობის შესახებ ვიცი, მოდიოდა, ერთვებოდა საქმიანობაში. ორი თვეა, უკვე აღარ გვინახავს. კომპანიის შესახებ არაფერი არ ვიცი," - ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი, ტარიელ ბარამიძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე2

 

 

დღის ამბები