პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისათვის რომ საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით თვითკმარი ქვეყანა გახდეს, საჭიროა გონივრული პოლიტიკისა და მასშტაბური პროექტების განხორციელება. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ბოლო წლებში ენერგეტიკული სექტორი სწრაფად ვითარდება. მთავრობის მეთაურმა სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა. მაგალითად , თუ 2004-2012 წლებში ენერგეტიკულ სისტემას სულ 150 მგვტ შეემატა, 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 1000 მგვტ-ს აღემატება. 2012 წლის შემდეგ, დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი ასევე გაზიფიკაციის ტემპები. პრემიერ მინისტრმა ენერგეტიკაში განხორციელებულ და სამომავლო რეფორმებზე საუბრის დროს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე ენგურჰესიდან მიულოცა. ოფიციალურ ღონისძიებაზე 16 ენერგეტიკოსს, საპატიო ჯილდო გადაეცა.
ირაკლი კობახიძე დღეს ფოთშიც იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა და განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრა ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა, რომელიც იმ მულტიფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების და პრაქტიკული ვორქშოფების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ჰაბი იმ შენობაში მდებარეობს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა ფონდმა "ქართუმ" აღადგინა. პროექტის ღირებულება 2 559 000 ლარია.
საქართველოს მთავრობის მეთაური ფოთში, ახლად რეაბილიტირებულ #15 საჯარო სკოლასაც ეწვია. სკოლაში განახლდა შენობის ფასადი, სახურავი, შიდა ინტერიერი საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი. სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებს დათვალიერებას, უახლოეს დღეებში, კვლავ გეგმავს.