მოძრაობის საპირისპიროდ სვლა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა 8 სექტემბრიდან დაიწყეს.
მიზანში მელიქიშვილის 12 ნომერია, სამიზნე კი "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი.
ყველაფერი 8 სექტემბრიდან იწყება. აქტივისტები შტაბთან იკრიბებიან, თუმცა შენობის პარალიზების მცდელობას თან სიტყვიერი დაპირისპირება ახლავს.
სიტყვიერს მალევე ფიზიკური ცვლის, ეს მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები შტაბის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს აჟღერებენ. დაპირისპირებულებს შორის, სამართალდამცველები დგებიან.
ახალგაზრდული კავშირის "კულტურკამპის" დამფუძნებელს თავი არ დაუზოგავს. გიორგი ყურულაშვილი მოგვიანებით იმასაც ადასტურებს, რომ კახა კალაძის შტაბის წევრებს არაერთხელ შეაგინა. "კულტურკამპის" დამფუძნებელი საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს, გზის გადაკეტვის გამო, ჯამში 26 ადმინისტრაციული ჯარიმაც აქვს მიღებული.
ის, რაც მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად ფასდება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტია პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მსურველად ოპოზიციას აცხადებს, დავალების გამცემად კი, გარე ძალებს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მცდელობას ხედავს აქტივისტების ქცევის მიღმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, რომელიც მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა. სწორედ არჩილ გორდულაძესთან მიდის ჟურნალისტი პრეტენზიებით, თუმცა ის ტერიტორიას მალევე ტოვებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც კანონმდებელი სთხოვს - აჩვენოს, გააშუქა თუ არა აქციის მონაწილეების ქმედებები.
8 სექტემბერი სრულდება, თუმცა შეკრების ადგილად 9-შიც, აქტივისტები ისევ მელიქიშვილის 12-ს ირჩევენ. ბოთლები, კვერცხები, დაზიანებული ბანერები და შეურაცხმყოფელი შეძახილები - სამართალდამცველები სამ პირს აკავებენ. თუმცა აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს შლიან და შენობის შესასვლელს ხერგავენ. გაქცეულ სიტყვებს ემატება სურვილების ხმამაღლა გაჟღერებაც.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებში დადანაშაულებული აქტივისტები, მომხდარის შემდეგ ღიად ადასტურებენ, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობენ, მაგრამ პროვოკაციებს თავად არ იწყებენ. თუმცა დედაქალაქის მერი და მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ორგანიზებული პროვოკაციის მთავარი ფიგურანტები სწორედ შტაბთან შეკრებილი აქტივისტები არიან.
აქციის მონაწილეების ქმედებების წახალისებაში მმართველი პარტია ერთ-ერთ დიპლომატს ადანაშაულებს, გერმანიის ელჩს. პარლამენტის თავმჯდომარემ პეტერ ფიშერის პოსტიც გააზიარა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებებზე დიპლომატების დუმილი სწორედ ძალადობას ახალისებს.
პროვოკაციები დაბრკოლებას არ წარმოადგენს "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად მუშაობს, დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების ქმედებებს პასუხს მოქალაქეები 4 ოქტომბერს გასცემენ. ამიტომ, სახელისუფლებო გუნდი მომდევნო დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.
მას შემდეგ, რაც პროვოკაციებს პასუხი ჯერ პასუხითვე, შემდეგ დუმილით და კანონით გაეცა, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე დგომა აღარ მოიწონეს. ჩავლით, გავლით და ბოლო გაჩერებით ისევ რუსთაველის გამზირი არჩიეს. რას აირჩევს საქართველო - ეს კი ცნობილი 4 ოქტომბერს გახდება. თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს პარტიები 20 დღეში დაითვლიან.