რთველი 2025 - კახეთის რეგიონში 24 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 000 ტონამდე საფერავი, 7 000 ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს.
საფერავს ლარ-ნახევრად, სხვა საღვინე ჯიშებს - 1 ლარად და 20 თეთრად, არაკონდიციურ და დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს კი - 1.00 ლარად.