ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის შემდეგ, "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობას პაატა ბურჭულაძეც ადასტურებს.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბურჭულაძემ თქვა, რომ მას აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ "ოცნებიდან" წასულ მაღალჩინოსნებს მათთან კავშირი აქვთ, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილთან. საკითხს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის, განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს, ქვეყნის გადასარჩენად ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს.
"მნიშვნელობა არ აქვს, მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვინ დაუპირისპირდება [ხელისუფლებას] იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ახლა ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. არ გვაინტერესებს, წარსულში ვინ რა პოზიციაზე იდგა, ვის რა პოლიტიკური სიმპათიები აქვს, ვის ვინ უყვარს, არ უყვარს, მოსწონს, არ მოსწონს, ეზიზღება, არ ეზიზღება - ჩვენი ამოცანაა, ვისაც გვიყვარს ქვეყანა, ვიყოთ ერთად, რათა საქართველო გადავარჩინოთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ხელისუფლების დამხობის იდეას ემიჯნება პარტია "საქართველოსთვის". პარტიის საბჭოს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილება მათთვის მიუღებელია.
"კატეგორიულად ვაცხადებთ, ვემიჯნებით ხელისუფლების დამხობას არასაარჩევნო გზით, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ არანაირი პოლიტიკური კავშირი არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც აპირებს რევოლუციებს, შევარდნებს, პროვოცირებას, ძალადობის იმიტაციას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.