"დავინახეთ, რომ არავინ არ აპირებს მოგებას, არც "ნაცმოძრაობა," არც "ლელო" არც გახარია. რაღაც თავიანთი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერს აკეთებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიგოს," - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "გირჩის" მთავარი მიზანია, რომ პოლიტიკურად გაძლიერდეს, იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ჰქონდეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ. ამომრჩეველს მინდა მივმართო, ხომ ხედავთ - რა ხდება, რა სიძულვილია და სანამ, მთელი ქვეყანა გადაყოლილია ამ ჩხუბს, არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება პრინციპის დონეზე... ერთადერთი ხალხი, ვინც ალტერნატივას ვთავაზობთ ამ ჯგუფს, ვართ ჩვენ. თუ ჩვენ ამომრჩეველი დაგვიჭერს მხარს, ჩვენი თითოეული საკრებულოს წევრი იქნება ჩვენი ამომრჩევლის წარმომადგენელი, პირდაპირ ეცოდინება, ვის დაურეკოს. ყველამ იცის ჩვენმა ამომრჩეველმა, რომ ჩვენ, როდესაც პარლამენტში ვიყავით, მარტივი იყო ჩვენთან დაკავშირება, ყველას ვეხმარებოდით, თუ შეგვეძლო ამის გაკეთება. ამის გარდა, ჩვენი გაძლიერება ნიშნავს, რომ ეს ჩხუბი დასუსტდება. რაც უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება, მით უფრო ნაკლები ჩხუბი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება მეტი წონა და გავლენა და ამ ჩხუბში არ ავყვებით," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.