თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილი მეტალურგიული საწარმო, რომელიც სამშენებლო არმატურას აწარმოებს - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ახალი საწარმო გაიხსნა.
"ჯორჯია მეტალი" წლიურად 400 000 ტონა პროდუქციას გამოიმუშავებს, რაც ქარხანას ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიულ ობიექტად აქცევს. საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "ჯორჯია მეტალი" წარმატებული ქართული ინვესტიციის ნათელი მაგალითია.
საწარმო მზად არის დააკმაყოფილოს როგორც შიდა ბაზრის მოთხოვნები, ასევე კონკურენტუნარიანი იყოს საერთაშორისო ბაზარზეც. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ქვეყანაში არმატურის იმპორტის საჭიროება თითქმის განულდება. მაღალია ასევე საექსპორტო პოტენციალიც.
საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, რაც არა მხოლოდ კონკრეტული საწარმოს, არამედ მთელი რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზესტაფონში, განათლების მინისტრთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული #2 საჯარო სკოლაც მოინახულა. 1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, ვიდეო უსაფრთხოების სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სასწავლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის - 9 162 850 ლარი დაიხარჯა.