"წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ? შეიძლება წამოგაძახონ ავადობა..." - ბექა ოდიშარია აქციის იმ მონაწილეებზე საუბრობს, რომლებმაც მას ჯერ წყალი შეასხეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატს მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილი აქტივისტები თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ბექა ოდიშარია კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების შემდეგ ოფისს ტოვებდა.
მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს მედიამ შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. აქტივისტებმა რეალური სახე აჩვენეს - ასე შეაფასა ბექა ოდიშარიაზე თავდასხმა ირაკლი კობახიძემ.
ფაქტი დაგმო ოპოზიციის ნაწილმა. გახარიას გუნდისთვის რადიკალიზმი მიუღებელია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი მხოლოდ არაეთიკური.
ლიბერალური ფაშიზმის და ძალადობის მორიგ გამოვლინებად აფასებს მმართველი გუნდი ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია განწირულია და ამიტომ მხარდამჭერებს რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის საკრებულოს "ქართული ოცნების" პროპორციული სიის წევრს აქტივისტები, თავს გუშინ საღამოს დაესხნენ. ბექა ოდიშარიას ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანა პოლიციამ უზრუნველყო.