საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-მა რეზერვები მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაზარდა. ივლისის მდგომარეობით კი მისი ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარზე მეტია. ქვეყნის მთავარი ფინანსურ ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ სტაბილური გარემოს შენარჩუნების პირობებში მიმდინარე წელს უცხოური ვალუტის შესყიდვა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.
ეროვნული ბანკის მიერ, ბოლო თვეებში შესრულებული ფინანსური ოპერაციები, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, სებ-ის ეფექტური მუშაობის შედეგი და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებმა, ეკონომიკის ჩამოშლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის სპეკულაციები საბოლოოდ დაასრულა.
სახელისუფლებო გუნდი, ოპონენტების სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში გაკეთებულ ამ განცხადებებს გულისხმობს. პოლიტიკოსებისა და ექსპერტები ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებას არწმუნებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას და რეზერვების შევსებას ვერ შეძლებდა.
დღეს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ირწმუნება, რომ შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე განცხადება მათ არასდროს გაუკეთებიათ. ეროვნული ბანკის მიერ, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შეძენაზე პოზიტიური შეფასებისგან ახლაც თავს იკავებენ. მეორე ნაწილი კი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაზრდის მიუხედავად მაინც ამტკიცებს, რომ ეკონომიკური პრობლემები ისევ გადაუჭრელია.
ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო გუნდიდან ურჩიეს, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გაეცნონ, რაც მათი თქმით სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ სებ-ი მომდევნო თვეების განმავლობაშიც მნიშვნელოვან ინტერვენციებს განახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს. მანამდე, კი ცნობილია რომ, სებ-მა მარტში 101 მილიონი დოლარი, აპრილში 266 მილიონი, მაისში 245, ივნისში 266, ივლისში კი 416 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.