18 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
დღეს ლევან გაჩეჩილაძე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, იქამდე კი სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ.

"ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის. მისი ღვაწლი ნამდვილად შეუფასებელია. ის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დროს, როდესაც იყო ძალიან დიდი შიშის სინდრომი, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის არა ადამიანური ქცევიდან გამომდინარე, მან გაბედა და ხმა აიმაღლა რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ასეთი პატრიოტი ადამიანების ღვაწლი და ბუნებრივია, ეს არის დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს. ლევანს ძალიან დიდი წრე ჰყავდა მოყვარული ადამიანების, იმიტომ, რომ თვითონ იყო ძალიან კეთილშობილი, პატიოსანი და ადამიანების მოყვარული, თავისი სამშობლოს მოყვარული კაცი, რომელმაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში დატოვა მაგალითი, როგორ შეიძლება იბრძოლო სიმართლისთვის, იბრძოლო რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა მოიგო. რეალურად, ლევანმა ეს ბრძოლა მოიგო, მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელს, თუმცა შემდეგ მოვლენები ვიცით როგორც განვითარდა სამწუხაროდ. თუმცა, ის თავდადების მაგალითი, რომელიც ლევანმა აჩვენა ჩვენს მომავალ თაობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ დარჩება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითად, კეთილშობილი კაცის, პატრიოტიზმის მაგალითად", - აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, პარლამენტის მეხუთე და მეექვსე მოწვევის წევრი იყო. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2008 წლის არჩევნებზე.

დღის ამბები