18 აგვისტო 2026,   21:18
ვრცლად
თბილისში, აეროპორტის მახლობლად, რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი სტადიონი უნდა აშენდეს - 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი თანამედროვე მრავალფუნქციური არენა იქნება

თბილისში, აეროპორტის მახლობლად, რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი სტადიონი უნდა აშენდეს. უეფას IV კატეგორიის მოედნის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გუშინ გამოაცხადა.

70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მთავრობის მეთაურმა სურამის გზის შემოვლითი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ახალი სტადიონი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.

ბრიტანული სტილის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. უწყების წარმომადგენლები იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობენ, რომელსაც ქვეყანას ახალი არენა მოუტანს.

სტადიონის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება კიდევ ერთი ახალი სივრცე სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.

მშენებლობასთან ერთად დაგეგმილია ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა.

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია ამ დროისთვისUEFA-ს ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საერთაშორისო სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სტადიონის სატენდერო ტექნიკური დავალების მომზადებაში. სპეციალისტები პროექტში ჩართულები იქნებიან სტადიონის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო დასრულებამდე.

დღის ამბები