"ჩვენ და "ლელოს" არ გვექნება არანაირი პრობლემა საერთო კანდიდატზე შეთანხმების. ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, შესაძლოა განიხილებოდეს მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც“ - ამის შესახებ პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე საუბრობს.
მისი თქმით, მერობის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა მასთან ერთად განიხილებიან სხვა კანდიდატებიც.
"ცნობილია რომ განვიხილები, მაგრამ ჩემ გარდა კიდევ განიხილება სხვა კანდიდატებიც. ასე, რომ პროცესი მიმდინარეობს და აქ არაფერი სანერვიულო არ არის. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ და "ლელოს" არ გვექნება არანაირი პრობლემა საერთო კანდიდატზე შეთანხმების. ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, შესაძლოა განიხილებოდეს მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ამაზე მე განსაკუთრებულ შეფასებას არ და ვერ გავაკეთებ. ჩვენ შევთანხმდებით საერთო კანდიდატზე და ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს ერთობლივად,“ - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ოპოზიციის მცდელობასთან დაკავშირებით, შეთანხმდეს საერთო მერობის კანდიდატზე, შეფასება კეთდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ეს არის იმიტირებული პროცესი, სადაც ფორმალურადაც კი არავითარი შანსი არ აქვთ.
"შეფასებაშიც არ შევალ, "ლელო" და გახარია კანდიდატებზე რას იმსჯელებენ და ვინ იქნებიან ეს კანდიდატები. მე უფრო მაინტერესებს, მათ რა მოლოდინი აქვთ. ან იმ ადამიანებს, ვისი სახელები და გვარებიც განიხილება. იმიტომ, რომ ეს არის იმიტირებული პროცესი, სადაც ფორმალურადაც კი არავითარი შანსი არ აქვთ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.