ხედავენ თუ არა მერის ამპლუაში თბილისელები მომღერალ მერაბ სეფაშვილს? – "ლელოში“ ადასტურებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა გვარების დაკონკრეტებისგან მაინც თავს იკავებენ. ამბობენ, რომ კანდიდატები ჯერ კიდევ იტესტება. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა მათ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს" დაუკვეთეს - იმის დასადგენად, აქვს თუ არა დედაქალაქის მოსახლეობას ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით პოზიტიური განწყობა მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაზე.
პროფესიული მიმართულება რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში ბარიერი არ უნდა იყოს, ამაზე საუბრობს გიორგი გახარიას გუნდიც. "ლელოს" საარჩევნო პარტნიორებმა დღეს მერაბ სეფაშვილთან დაკავშირებით უფრო მეტი თქვეს, თუმცა პრიორიტეტს ისევ გიორგი შარაშიძის კანდიდატურაზე აჩერებენ. პოზიციებს საერთო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ ათანხმებენ.
ოპოზიციის მცდელობას, შეთანხმდეს საერთო და თან თბილისელებისთვის საინტერესო მერობის კანდიდატზე, "ქართული ოცნების" შეფასებით, პერსპექტივა არ აქვს. ამბობენ, რომ ამაზე მეტყველებს ის კონკრეტული გვარ-სახელებიც, რაზეც ინფორმაცია უკვე გავრცელდა, მათ შორისაა ალეკო ელისაშვილი და მერაბ სეფაშვილი. უმრავლესობის თქმით, მომღერლის პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, მას სერიოზულ კანდიდატად ვერც ოპოზიციური ამომრჩეველი განიხილავს.
მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, სადაც მომღერლის ლიდერთან ურთიერთობა კარგად უნდა ახსოვდეთ, დღეს ამბობენ, რომ არც მერაბ სეფაშვილი აინტერესებთ და ზოგადად, არც სხვა კანდიდატები, რომელსაც ოპოზიცია წარადგენს. "ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მონაწილე პარტიებიდან კი "გირჩი" "ლელოსა" და გახარიას ტანდემის შემდეგ ერთადერთია, ვინც თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.
თბილისის მერობის კანდიდატი ამ დრომდე მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავს. ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი პოზიცია "ქართული ოცნებისთვის" მიუთითებს, რომ მათ ოპონენტებს კახა კალაძის კონკურენტის შერჩევა უჭირთ. ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი - ამას მნიშვნელობა არც თავად კალაძისთვის აქვს.
მუნიციპალურ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. 4 სექტემბრამდე კი უნდა გაირკვეს, ოპოზიციის კვლევის შედეგად, ვინ იქნება მათთვის საუკეთესო კანდიდატი მერის ამპლუაში.