18 აგვისტო 2026,   20:00
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ემოციები არ ნელდება - "კურიერმა" უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეების ქრონოლოგია გმირების ოჯახის წევრებისგან მოისმინა

შმაგი სოფრომაძის გმირულად დაღუპვის შემდეგ, სამხედრო ფორმა მისმა დამ ჩაიცვა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ემოციები არ ნელდება. თავისუფლების იდეას შეწირული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თქვეს, რომ გმირები არ კვდებიან.

სამშობლოსთვის თავგანწირული ყველა გმირის ისტორიის მოყოლა შეუძლებელია, თუმცა, "კურიერმა" უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეების ქრონოლოგია დღეს, მათი რამდენიმე ოჯახის წევრისგან მოისმინა. გიორგი ანწუხელიძის მეუღლე კიდევ ერთხელ ჰყვება, რომ ტყვედ ჩავარდნილმა გიორგიმ სამშობლოს არ უღალატა და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გმირულად დაასრულა.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ანწუხელიძე ომში 9 აგვისტოს მოკლეს.

აგვისტოს ომის მოვლენები, გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, გაიხსენეს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა. პრემიერის განცხადებით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი და ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია, ქვეყანას სუვერენული ხელისუფლება მართავდეს. მემორიალთან მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმაც.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემაც მიუსამძიმრა.

აგვისტოს ომს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი ემსხვერპლა. სამინისტროს ეზოში არსებულ მემორიალთან რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო გეკა გელაძემ. მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრაც გამართა და თქვა, რომ სამინისტრო ყოველთვის გმირი პოლიციელების ოჯახების გვერდით იქნება.

400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული 130 000-ზე მეტი ადამიანი და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% - ასეთია რუსული აგრესიის შედეგები.

17 წლის წინ, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 5 დღე გაგრძელდა. რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასა და ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად, უხეშად არღვევს.

დღის ამბები