ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახისთვის პეტერ ფიშერს ყოველთვიურად ქირა 7 370 ევრო უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ გამქირავებელს მიღებული სარგებლიდან 5% საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში უნდა შეეტანა, მიუხედავად ამისა ოპოზიციონერი ლიდერის ოჯახს ბოლო 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო არ გადაუხდია. კანონდარღვევას მამუკა ხაზარაძემ გადახდის წყაროსთან წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა. დავალიანების ანგარიშსწორება კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ფაქტით შემოსავლების სამსახური დაინტერესდა და შესაძლო კანონდარღვევაც აღმოაჩინა. სამართლებრივი დეტალების გასარკვევად "კურიერი" დღეს მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა უფლებადამცველმა საუბარი არ ისურვა. თემა ამოწურეს ხაზარაძის პარტიაშიც.
საჯარო რეესტრის ამ დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ უძრავ ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულების ოფიციალური რეგისტრაცია მამუკა ხაზარაძის მეუღლემ მხოლოდ 4 აგვისტოს დაჩქარებული წესით მოითხოვა, ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე სახლს კი პეტერ ფიშერი 2022 წლის ოქტომბრიდან ქირაობს. მამუკა ხაზარაძემ ძვირადღირებული სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არც დეკლარაციაში ასახა. "ლელოში" ამტკიცებენ, რომ მათი ლიდერი საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდებას არ ცდილობდა, სავარაუდო კანონდარღვევები კი ტექნიკური შეცდომის ბრალია.
მივა თუ არა კვალი პოლიტიკურ კორუფციამდე? მამუკა ხაზარაძისა და პეტერ ფიშერის ფინანსურ ურთიერთობას შემოსავლების სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო სწავლობს. "ქართული ოცნების" ლიდერები კი დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტის დარღვევაზე საუბრობენ. სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, როცა დიპლომატი სახლს ჯერ ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს, შემდეგ კი მასთან ერთად პოლიტიკურ აქტივობებში ერთვება და ღიად მხარდაჭერასაც გამოხატავს.
როდის გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულება და აპირებს თუ არა პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძესთან ფინანსური ურთიერთობის გაგრძელებას, დიპლომატიც და დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს.
ავტორი: ნანა გოგატაძე