19 აგვისტო 2026,   19:42
ვრცლად
მთავარი ის კი არ არის, შეიტანა თუ არა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარის ხელშეკრულება და გადაიხადა თუ არა გადასახადები, აქ მთავარი არის, თუ სად და ვისთან იყო ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩოსთან - არჩილ გორდულაძე

მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის ქირავნობის ხელშეკრულება რჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად - ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის შემდეგ, გერმანიის საელჩო პოლიტიკოსის 3-სართულიანი სახლის ქირისთვის თვეში 7 370 ევროს იხდიდა. მას შემდეგ, რაც ფორმდება მხარეებს შორის გარიგება, გამქირავებელმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს, თუმცა დოკუმენტი რეესტრში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ - 4 აგვისტოს, დაჩქარებული წესით აიტვირთა. 

კანონის შესაბამისად, სახლის მესაკუთრე გაქირავებიდან მიღებული სარგებლის 5%-ს იხდის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით, ეს ნოტარიულ დოკუმენტშიც მითითებულია. სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა შემოსავლების სამსახურში. უწყებაში უკვე ითქვა, რომ გამოვლინდა შესაძლო კანონდარღვევა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარი ის კი არ არის, შეიტანა თუ არა ხაზარაძემ დეკლარაციაში იჯარის ხელშეკრულება და გადაიხადა თუ არა საშემოსავლო გადასახადები, აქ მთავარი თემა არის ის, თუ ვისთან იყო ეს ხელშეკრულება გაფორმებული.

"მთავარი ის კი არ არის, შეიტანა თუ არა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები, იმიტომ, რომ ის ადამიანი საერთოდ საქართველოს კანონმდებლობას რომ არ ცნობს და რომ არ სცემს პატივს, ესეც არახალია. აქ მთავარი არის, თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩოსთან. აქ არის მთავარი პრობლემა, რომ გერმანიის საელჩოს აქვს დადებული ხელშეკრულება, საქართველოს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანთან - მამუკა ხაზარაძესთან, და ეს ადამიანი, გერმანიის ელჩი საქართველოში გვახსოვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების წინ ხელიხელ ჩაკიდებული დაჰყვებოდა მამუკა ხაზარაძეს და პირდაპირ ჩართული იყო მის კამპანიაში. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე უნდა გასცეს, კეთილი ინებოს და, პასუხი გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა და თავი დაანებოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

 

დღის ამბები