76 დრონი და 6 ბალისტიკური რაკეტა - ოკუპანტის თავდასხმის სამიზნე კიევის, მიკოლაივის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები გახდა. ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში გამთენიისას მომხდარი აფეთქებების შემდეგ, მეხანძრე-მაშველები და მედიკოსები ამ დრომდე მუშაობენ.
ყველაზე რთული ვითარება ქალაქ მიკოლაევშია, სადაც, სარაკეტო დარტყმის შედეგად, საცხოვრებელ უბანში 23 სახლი და 12 კორპუსი განადგურდა. არიან დაშავებულები.
რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე, ხერსონის ოლქში მდებარე, მდინარე დნიპროზე გამავალი ხიდი გახდა. მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ახლაც მიმდინარეობს. რისკის ზონაში რჩება 1800 მოქალაქე, მათ შორის 31 ბავშვია.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. დრონებით დარტყმის შემდეგ, სოჭის ადლერის რაიონში ნავთობის ბაზა იწვის. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, საუბარია ორ რეზერვუარზე. ტერიტორიაზე ცეცხლის ლოკალიზებას თითქმის 24 საათის განმავლობაში ცდილობენ.
ამ ფონზე, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს დონალდ ტრამპი და მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის მიცემულ ვადას - 8 აგვისტოს ახსენებს. ტრამპი რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსაც გამოეხმაურა, რომელმაც ვაშინგტონის ულტიმატუმი ომისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. ტრამპმა, მედვედევის მუქარის საპასუხოდ, შერჩეულ ლოკაციებზე ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი განათავსა.
თეთრი სახლის ულტიმატუმს ამ დრომდე არ გამოხმაურებია კრემლი. ომის დასრულების თარიღთან დაკავშირებით კი ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს. ანგარიშში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ფრონტის ხაზთან დაკავშირებულ განცხადებებს ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ მოსკოვი ომის გაგრძელებას წლების განმავლობაში გეგმავს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებული მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავდა, რომელშიც სამთავრობო პარტიის - "ხალხის მსახურის" დეპუტატი და სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. საქმეზე რამდენიმე პოლიტიკოსი და სამხედრო დააკავეს. დანაშაულის ფიგურანტები სახელმწიფო უწყებებს და კერძო კომპანიებს შორის, სამხედრო ტექნიკის შესაძენად, გაზრდილი ფასით შესყიდვის კონტრაქტებს აფორმებდნენ, მიღებულ შემოსავალს კი ისაკუთრებდნენ.
სანამ ომში მყოფი ქვეყანა კორუფციულ სკანდალს იძიებს, რთული რჩება ვითარება ფრონტის ხაზზე - კონფლიქტის ზონაში დღეს 130 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მედია წერს, რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინსვლა შეძლეს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტი ცდილობს, ალყაში მოაქციოს ქალაქი პოკროვსკი, რომელიც უკრაინის არმიის ლოჯისტიკური ცენტრია და დონბასში მოქმედი ნაწილების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.