08 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
პროკურატურა: ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა

დაკავებული ნინო დათაშვილისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების არგუმენტებზეა საუბარი.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე - სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.

აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა", - აღნიშნულია პროლურატურის განცხადებაში.

დღის ამბები