ვის დაასახელებს ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად? - ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ ის ერთ-ერთია, ვის გვარსაც "ლელო"-გახარიას ალიანსი განიხილავს, თუმცა არა ერთადერთი. "ჩემი გვარიც არის იქ, ამის რატომ უნდა შემრცხვეს. ჩვენ ვართ თავგანწირვულ ბრძოლაში და არ დავზოგავთ თავს არავინ."
გიორგი გახარიას პარტია კი, "ლელო - ძლიერ საქართველოს" მისი თანაგუნდელის-გიორგი შარაშიძის კანდიდატურასაც სთავაზობს.
ვიდრე ორი ოპოზიციური პარტია საბოლოო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად, მესამე ვადით ასარჩევად, ისევ მოქმედი მერი, გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წარადგინა და საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მმართველი პარტიისთვის, კახა კალაძე უალტერნატივოა, ამიტომ ქართული ოცნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა რაზე ჩამოყალიბდებიან ოპონენტები.
რაც შეეხება იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანდიდატებზე საუბარი არასაინტერესოა, რადგან ქვეყანაში რეალურად საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს.
"ყველა კანდიდატურა, რომელზედაც არის საუბარი, არის აბსოლუტურად არასაინტერესო, რადგან რეალური კანდიდატურა არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს, ამ სპეცოპერაციაში ვის რა როლი ექნება ე.წ. მთავრობის თუ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.